guriis mxare  
  
 
 
 

guriis samTavro
ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში, რომელიც არსებობდა XV საუკუნის 60-იანი წლებიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე გურიის ტერიტორიაზე. სამთავრო წარმოიქმნა საქართველოს სამეფოს დაშლის პერიოდში, ადრინდელი გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე და მოიცავდა მესხეთის ქედს, შავ ზღვას, რიონსა და ჭოროხს შორის მდებარე ტერიტორიას. XV-XVII საუკუნეებში გურიის სამთავროში ზოგჯერ შედიოდა აჭარა და ჭანეთი. გურიის სამთავროს განაგებდნენ გურიელები, მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი. გურიელების ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ ადგილობრივი თავადები: თავდგირიძეები, ნაკაშიძეები, მაჭუტაძეები, ბერიძეები და სხვები. გურიის ზოგმა მთავარმა მოახერხა იმერეთის მეფის ტახტის დროებით დაპატრონება. სამთავრო 1810 წელს შევიდა რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ, ხოლო 1829 წელს რუსეთის იმპერიამ ის გააუქმა და მის ტერიტორიაზე შექმნა ოზურგეთის მაზრა.

istoria

samTavros Camoyalibeba

XV საუკუნის მე-2 ნახევარში საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო. მას გურიელები განაგებდნენ. 1460 წელს იხსენიება მამია გურიელი. 1474 წლის 29 ივნისს გურიას ვენეციის რესპუბლიკის ელჩი სპარსეთში, ამბროზიო კონტარინი ეწვია. მან დაათვალიერა და აღწერა ქვემო გურია, ბათუმი, ციხისძირი. XV საუკუნის 70-იან წლებამდე ხდება გურიის საეპისკოპოსოების შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოს დაარსება და ქუთათელის საწმყსოსგან გამოყოფა, რაც გურიელების გაძლიერებას ნიშნავდა. გურიის სამთავროს დამუკიდებლობა იწყება კახაბერ II გურიელის დროიდან, როდესაც ის დაუპირისპირდა ერთიანი საქართველოს სამეფოს უკანასნელ მეფეს, გიორგი VIII-ს, ხოლო შემდეგ იმერეთის მეფე ბაგრატ VI-ს და გურიის სამთავროს დამოუკიდებლობისათვის დაიწყო ბრძოლა. კახაბერ II გურიელის დროსვე გურიამ მიიღო აჭარა და ჭანეთი. სამთავროს სამხრეთი საზღვარი გადიოდა რკინის პალოზე. ნაოსნობისთვის გამოსადეგი მდინარე სუფსა ხელს უწყობდა სამთავროს პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაში. სამთავროს ცენტრი XV-XVI საუკუნეებში იყო ალამბარი.

XVI საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავრომ სამცხე-საათაბაგოსთან ბრძოლაში დაკარგა აჭარა და ჭანეთი. ამ დროს საქართველოში კიდევ უფრო ძლიერდება დამოუკიდებელ სამეფო-სამთავროთა ფორმირების პროცესი. ამის მიზეზი ქვეყნის შიგნით იყო ბატონყმობის გამყარება და სათავადო სისტემის წარმოშობა, ქვეყნის გარედან კი ოსმალეთის იმპერიისა და ირანის აგრესიული დამპყრობელი პოლიტიკა. 1533 წელს ოდიშის მთავართან ერთად მამია I გურიელის ჯიქეთში მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ გურიის სამთავრო დროებით იმერეთის მეფეზე დამოკიდებული გახდა. ამ დროს იმერეთში მეფობდა ბაგრატ III, რომელიც იბრძოდა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისთვის. მან გურიის მთავრის მიმხრობის მიზნით როსტომ გურიელს აჭარა და ჭანეთი დაუბრუნა. როსტომ გურიელი აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ოსმალეთმა ირანთან ამასიის ზავის დადების შემდეგ მიიტაცა ჭანეთი და გურიას უშუალოდ დაუმეზობლდა. ოსმალეთმა დაიპყრო სამცხე-საათაბაგოც. ამ პერიოდიდან იწყება სამცხის სიწმინდეების გახიზვნა გურიაში. ამის შემდეგ გურიის სამთავრო ოსმალების გავლენის სფეროში მოექცა, რასაც ხელი შუწყო სამხრეთ საქართველოში ოსმალთა გაბატონებამ. როსტომ გურიელის ძე, გიორგი II გურიელი უკვე ოსმალების დახმარებით გახდა გურიის მთავარი. XVI საუკუნის შუა წლებიდან სამთავროს ცენტრი ხდება ოზურგეთი.

XVI-XVII saukuneebi

XVI საუკუნის შუა ხანებამდე გურიისა და ოდიშის სამთავროები მოკავშირეები იყვნენ იმერეთის მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის მიზეზი იყო ორივე სამთავროს საერთო ინტერესი, დესუსტებინათ მეფის ხელისუფლება. XVI საუკუნის შუა წლებისთვის ეს ბრძოლა სამთავროების გამარჯვებით დასრულდა და დაიწყო ქიშპობა უკვე სამთავროებს შორის. პირველი მთავრები, რომელიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ იყვნენ გიორგი II გურიელი და ლევან I დადიანი. თუმცა მოგვიანებით იგივენი ერთად დაუპირისპირდნენ იმერეთის მეფეს, მას საჯავახო წაართვეს და შუაზე გაიყვეს.

1609 წელს მამია II გურიელმა ისარგებლა 1603-1612 წლების ირან-ოსმალეთის ომით, 1609 წელს შეიჭრა აჭარაში, დაიკავა ის და ოდიშის სამთავროსთან ერთად ხარკის მიწოდება შეუწყვიტა ოსმალეთს. ირანთან ომის დასრულების შემდეგ ოსმალეთმა შავი ზღვის სანაპიროების ბლოკადა მოაწყო. შეწყდა მარილის, რკინისა და სხვა პროდუქტების შეტანა გურიისა და ოდიშის სამთავროებში. ამან გურიის და ოდიშის მთავრები აიძულა ოსმალეთთან ზავზე ეზრუნათ. ქართველი ელჩები 1614 წლის გაზაფხულზე ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში და თავიდან წარუმატებლად მიმდინარეობდა, რადგან ოსმალეთის მიერ შეთავაზებული საზავო პირობები მძიმე იყო ქართული სამთავროებისთვის და მის მიღებაზე უარს ამბობდნენ. აგვისტოში მოლაპარაკებები განახლდა ოსმალეთის ელჩ ომარ-ფაშასა და გურიელს შორის. 13 დეკემბერს ბათუმში დაიდო გურია-ოსმალეთის შეთანხმება, რომლითაც გურიელმა დათმო აჭარა, იკისრა ოსმალეთის ხარკი, აღდგენილ იქნა ოსმალეთ-გურიის ომამდელი საზღვარი მდინარე ჭოროხზე. ოსმალეთის იმპერიამ გონიოს ციხე შემდგომი დაპყრობების პლაცდარმად აქცია. ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში გურიის სამთავრო საქართველოს საფარი იყო, ის პირველი იგერიებდა სამხრეთ-დასავლეთიდან მომდგარ მტერს და იცავდა დასავლეთ საქართველოს.

ამ დროიდან გურიის სამთავრომ პოლიტიკური ურთიერთობა დაამყარა დონისა და ზაპოროჟიეს კაზაკებთან და რეჩ პოსპოლიტასთან. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართლისა და კახეთის სამეფოთა ანტიირანულ ბრძოლაში. 1627 წლით თარიღდება ცნობა გურიის სამთავროსა და კაზაკების ურთიერთობის შესახებ. ესაა მისიონერ პიეტრო დელა-ვალეს მოხსენებითი ბარათი რომის პაპ ურბან მერვესადმი. 1616-27 წლებში კაზაკები გაბატონდნენ შავ ზღვაზე, ცხრაჯერ გაილაშრეს ოსმალთა წინააღმდეგ და ცხრაჯერვე დაამარცხეს ისინი. გურიის მთავარი კაზაკებს უთმობდა საკუთარ ნავსადგურებს ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად. 1654 წელს კაზაკებმა ოსმალებისგან გაათავისუფლეს ქვემო გურიის გონიოს ციხე. კაზაკებთან ურთიერთობამ დატოვა სიტყვა „ყაზახი“, „კაძახი“ გურულ დიალექტში. პიეტრო დელა ვალე სწერდა რომის პაპს, რომ გურიელი და დადიანი, რომლებიც ზღისპირეთს ფლობენ, ჩვენთვისაც სსარგებლონი იქნებიან, თუ ოსმალეთის წინააღმდეგ საქმეს წამოვიწყებთო. რეჩ პოსპოლიტასთან გურიის სამთავროს ურთიერთობას ადასტურებს გურიაში, სხვადასხვა სოფლებში ზედუბანი, ჭანჭათი, მაკვანეთი, ოზურგეთი აღმოჩენილი რამდენიმე პოლონური მონეტა, რომლებიც 1624-27 წლებშია მოჭრილი სიგიზმუნდ III ვაზას მიერ. 1634-40 წლებში გურიაში იმყოფებოდნენ თეატინელების ორდენის კათოლიკე მისიონერები, კრისტოფორო დე კასტელი, ანტონიო ჯარდინა და სხვები. მისიონერებს მალაქია II მფარველობდა. მათ გახსნეს სკოლა, კათოიკური ეკლესია, საავადმყოფო, ასწავლიდნენ ქართულს, ებრძოდნენ ტყვის სყიდვას და ნათლავდნენ მოსახლეობას კათოლიკური წესით. 1640 წელს ისინი ვახტანგ II გურიელმა განდევნა. 1650-იან წლებში გურიის სამთავროში, კერძოდ ქვემო გურიაში იმოგზაურა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა პაის I-მა, რომელიც გემით მიადგა ქობულეთის ნავსადგურს და ავიდა ალამბარში.

1625 წელს სიმონ II გურიელმა მოკლა მამა, მამია II და თავად გახდა მთავარი. ის ამავდროულად ჩაერთო ოდიშის მძლავრი მთავრის, ლევან II დადიანის საწინააღმდეგო შეთქმულებაში, რაც უშედეგოდ დასრულდა. საპასუხოდ, დადიანმა გაილაშქრა გურიაზე, ლანჩხუთთან ბრძოლაში დაამარცხა გურიელი, დააბრმავა ის და ტახტზე თავისი მხარდამჭერი მალაქია II გურიელი დასვა.

XVII საუკუნის II ნახევრიდან სამთავრო ტახტზე გურიელს ოსმალეთის სულთანი ამტკიცებდა. ამავე საუკუნის II მეოთხედიდან გურიის სამთავრო დიდი ხნით მოექცა ოდიშის მთავრის გავლენის ქვეშ. მდგომარეობა გაართულა დასავლეთ საქართველოში გაჩაღებულმა შინაომებმა, რასაც მოჰყვა ტყვის სყიდვა. ერთმანეთთან და სხვა ქართველ მთვრებთან ბრძოლის დროს გურიელები დახმარებისათვის ხშირად მიმართავდნენ ოსმალეთს.ასევე იქცეოდნენ დასავლეთ საქართველოს სხვა მეფე-მთავრები, რამაც დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის ბატონობის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

brZola imereTis mefobisTvis

გურიის სამთავრო ხან იმერეთის მეფის მოკავშირე იყო ოდიშის სამთავროს წინააღმდეგ, ხან კი - პირიქით, ოდიშის მთავართან ერთად იმერეთის მეფის წინააღმდეგ გამდიოდა. იმერეთის მეფეს გურიელები მაშინ უპირისპირდებოდნენ, როდესაც სამეფო ტახტი დასუსტებული იყო და მეფობის მიტაცება შესაძლებელი ხდებოდა. გურიელებს ასეთი დრო დაუდგათ იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს გარდაცვალების შემდეგ. ამ პერიოდიდან XVIII საუკუნის 10-იანი წლების ჩათვლით გურიელები დროგამოშვებით იმერეთის მეფის ტახტს იკავებდნენ.

პირველმა გურიელთაგან იმერეთის მეფობა ხელში დემეტრე გურიელმა ჩაიგდო. დემეტრე გურიელმა ასევე ტახტიდან გადააყენა ოდიშის მთავარი ლევან III დადიანი და დადიანობაც შეითავსა. უკმაყოფილო იმერელმა თავადებმა მას თვალები დასთხარეს და ტახტიდან ჩამოაგდეს. მის შემდეგ გიორგი III გურიელი ორი წელი ფლობდა იმერეთის მეფის ტიტულს, მაგრამ ოსმალეთის მხარდაჭერით ის გააძევეს. გიორგი გურიელი აგრძელებდა იმერეთის მეფის ტახტისთვის ბრძოლას და დაიღუპა კიდეც 1684 წელს როკითის ბრძოლაში. ამის შემდეგ იმერეთის მეფის ტახტზე პრეტენზიას მამია III გურიელი აცხადებდა. ის სამჯერ გახდა იმერეთის მეფე, 1701–1702, 1711 და 1713–1714 წლებში. უკანასკნელი გურიელი, რომელმაც იმერეთის მეფობის მოპოვება შეძლო, იყო გიორგი IV გურიელი. XVIII საუკუნის 20-იანი წლებიდან იმერეთის მეფეებმა მოახერხეს ტახტზე გამაგრება.

qvemo guriis dakargva

XVIII საუკუნიდან ოსმალეთის იმპერიას ამიერკავკასიაში გაბატონებისთვის დაუპირისპირდა რუსეთის იმპერია. გურიის სამთავრო ოდიშის სამთავროსა და იმერთის სამეფოსთან ერთად ცდილობდა მიეღო რუსეთის დახმარება და დაპირისპირებოდა ოსმალეთს. ამის საპასუხოდ ოსმალებმა 1703 წელს დასავლეთ საქართველო დაარბიეს 1718 წელს გურიის სამთავრომ საბოლოოდ დაკარგა ბათუმისა და ჩაქვის მხარეები. გურიის ზღვისპირა ციხეებში ოსმალთა გარნიზონები ჩადგნენ.

გურიის სამთავრო შედარებით გაძლერდა მამია IV გურიელის მთავრობის დროს, XVIII საუკუნის შუა წლებში. მამია IV-მ აკრძალა ტყვის სყიდვა, მოაწესრიგა ეკლესიის საქმეები და დაიწყო აშკარა ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ. გურიის მთავარი აქტიურად მონაწილეობდა იმერეთის მეფის სოლომონ I-ისა და ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის ანტიოსმალურ კამპანიებში. მამია IV აქტიურად მონაწილეობდა 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში. რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II საქართველოს მეფეებსა და მთავრებს ომში დახმარებას სთხოვდა და სანაცვლოდ დახმარებასაც ჰპირდებოდა. ამავდროულად შიდა დაპირისპირება ჰქონდათ მამია IV-სა და მის ძმას, გიორგი V-ს, რითაც კარგად სარგებლობდა ოსმალეთის იმპერია. 1769 წელს ოსმალეთმა დაიკავა გურიის ზღვისპირა ციხეები ციხისძირი, ქობულეთი და მთლიანად ქვემო გურია. 1770 წელს ოსმალებმა აიღეს ასკანის, ლიხაურისა და ბუკისციხის ციხეები, მაგრამ მომდევნი წელს სოლომონ I-მა და მამია IV-მ გურიის შიდა ციხეები კვლავ გაათავისუფლეს. სოლომონ I-მა ამით, ასევე, მოახერხა გურიის სამთავროს დამორჩილება იმერეთის მეფისადმი.

ოსმალეთს დარჩა ქვემო გურია. ქვემო გურიის თავადი მამუკა თავდგირიძე ჯერ საჯავახოში გაიხიზნა, შემდეგ აკეთში დაფუძნდა, ხინოწმინდის საეპისკოპოსოდან სიწმინდეები გურიის სხვა ტაძრებში გახიზნეს, ქვემო გურიის მოსახლეობის დიდი ნაწილი შუა გურიაში გაიხიზნა. 1774 წელს დადებული ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები ოსმალეთის ვასალებად დარჩნენ. ოსმალეთმა ქვემო გურია ტრაპიზონის სანჯაყის ნაწილად აქცია, მაგრამ მას გარკვეული ავტონომია შეუნარჩუნა და ადგილობრივი ფეოდალების მეშვეობით მართავდა. დაიწყო ქვემო გურიის გამაჰმადიანების პროცესი, რომელიც XIX საუკუნის 70-იან წლებამდე გაგრძელდა.

მამია IV-სა და გიორგი V-ს ბრძოლაში სამთავროს ტახტისთვის საბოლოოდ გიორგი V-მ გაიმარჯვა, თუმცა უწევდა იმერეთის გაძლიერებული სამეფოსთვის ანგარიშის გაწევა. 1770 წელს სოლომონ I-მა გურიას საჯავახოს მხარე წაართვა. არ წყდებოდა ოსმალეთის თავდასხმები. 1784 წელს აკეთში ილაშქრა აჭარის ბეგმა აბდულ ხიმშიაშვილმა. ამის საპასუხოდ სოლომონ I-მა ბათუმზე გაილაშქრა, მაგრამ ნაჭიშკრევის ბრძოლაში დამარცხდა და ქვემო გურიის ოსმალეთისგან გათავისუფლება ვერ შეძლო. ამის შემდეგ ეს მხარე 1878 წლამდე ოსმალეთის ხელში იყო. სოლომონ I-ის გარდაცვლების შემდეგ ოსმალების თავდასხმები აჭარიდან და ახალციხიდან კიდევ უფრო გახშირდა. 1784 წლის 30 ოქტომბერს გურიაში ოსმალეთის 6 000-იანი ჯარით ილაშქრა ქაიხოსრო აბაშიძემ, მან დალაშქრა ოზურგეთი და გადაწვა 7 სოფელი. ქაიხოსროს ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ ოსმალეთის იმპერია აგრძელებდა გურიის საზღვაო სანაპიროს ბლოკადას და თავდასხმებს. 1787 წელს რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომი დაიწყო და გურიის სამთავროზე თავდასხმები კვლავ გახშირდა. 1788 წელს ამ თავდასხმების გამო პრაქტიკულად გაუქმდა შემოქმედის საეპისკოპოსოც და გურიის სამი საეპისკოპო კათედრიდან მხოლოდ ჯუმათისა დარჩა. 1790 წელს სიმონ III გურიელმა ხელი მოაწერა საქართველოს სამეფო-სამთავროების ტრაქტატს, მაგრამ სამთავროს მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა. გურია კვლავ განიცდიდა შემოსევებს და თავდასხმებს ოსმალეთის მხრიდან.

ruseTis imperiasTan urTierToba

XVIII საუკუნის მიწურული გურიაში შინააშლილობით გამოირჩეოდა. 1792 წელს გარდაიცვალა მთავარი სიმონ III გურიელი. მემკვიდრე მამია სამი წლის იყო, რითაც ისარგებლა მისმა ბიძამ, ვახტანგმა და სოლომონ II-ის დახმარებით დაიკავა მთავრის ტახტი. სიმონისა და ვახტანგის კიდევ ერთი ძმა, ქაიხოსრო ბატონიშვილი, გელათში ბერად იყო აღკვეცილი და შემოქმედის ეპისკოპოსად კურთხევისთვის ემზადებოდა. 1797 წელს ქაიხოსრო დაუბრუნდა ერისკაცობას, გადააყენა ვახტანგი და გახდა ტახტის მემკვიდრე მამია გურიელის რეგენტი. ვახტანგ III გურიელი განაგრძობდა ბრძოლას ხელისუფლებისათვის. მან თავის ცოლისძმას, დიმიტრი ორბელიანს სთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოს დედოფალ დარეჯანთან ეშუამდგომლა, რათა ამ უკანასკნელს სოლომონ II-ისთვის ვახტანგის ტახტზე დაბრუნება ეთხოვა, მაგრამ თხოვნამ შედეგი არ გამოიღო. ვახტანგი იყო მისი მცირეწლოვანი ძმის, ლევან გურიელის მეურვე, მაგრამ როდესაც ლევან გურიელი 18 წლის გახდა, ვახტანგმა მამულები არ დაუბრუნა, მეტიც, შეაგულიანა ლევანის აზნაური ბერეჟიანი, რომელმაც აჭარიდან რაზმი გადმოიყვანა და ლევანის მამულები ააოხრა, ხოლო თავად კი საჯავახოში შეკრიბა ლაშქარი და ლევანს დარჩენილი მამულები წაართვა. ლევანმა და ქაიხოსრომ მოილაპარაკეს და შეიპყრეს ვახტანგი, მაგრამ სოლომონ II-ის ჩარევით ქაიხოსრომ ვახტანგი გაათავისუფლა. ვახტანგმა ახალციხის ფაშა სელიმ ხიმშიაშვილს, შეაფარა თავი. ქაიხოსროს თხოვნით 1804 წელს სელიმმა იგი შეიპყრო, მაგრამ სოლომონ II-ისა და პავლე ციციანოვის თხოვნით გაათავისუფლა. ვახტანგმა 1804 წლის 3 იანვარს წერილი მისწერა ციციანოვს და სთხოვდა რუსეთის ქვეშევრდომობაში გურიის მიღებას, თანაც ეუბნებოდა, რომ მხარს უჭერდნენ გურიის საზღვაო ზოლის მეპატრონე ნაკაშიძეები. ვახტანგი ჯერ თბილისში ციციანოვს ეახლა, შემდეგ კი სოლომონ II-ს და 1805 წელს საბატონიშვილო მამულიც დაიბრუნა, მაგრამ მალე გარდაიცვალა. გურიის სამთავროს მდგომარეობა ქაიხოსროს რეგენტობის დროს გაუმჯობესდა. ქაიხოსრომ გაამაგრა შემოქმედის ციხე და აქცია საკუთარ რეზიდენციად. მან აკრძალა ტყვის სყიდვა, გაატარა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღონისძიებანი, ალაგმა ოსმალეთის აგენტი თავადები, გააძლიერა მთავრის ხელისუფლება.

საგარეო პოლიტიკაში ქაიხოსრო გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე რუსეთთან კავშირის მომხრე იყო. მან 1804 წელს ოფიციალურად ითხოვა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შესვლა. 1804 წლის 25 აპრილს ელაზნაურის შეთანხმებით რუსეთმა გურია ქვეშევრდომობაში მიიღო, როგორც იმერეთის სამეფოს ნაწილი. ცნობა ელაზნაურის შეთანხმების შესახებ გურიაში 1804 წლის 29 მაისს მიიღეს. ამან გაანაწყენა ვახტანგ და ლევან გურიელები, რომლებიც იმერეთის მეფეს, სოლომონ II-ს, დაუახლოვდნენ. ქაიხოსრომ ხელთ იგდო ლევან გურიელის წერილი სოლომონ II-სადმი, რომელიც იმერეთის მეფისა და ოსმალეთის ურთიერთობას ადასტურებდა. ქაიხოსრომ ეს წერილი ციციანოვს გაუგზავნა და მადლობაც დაიმსახურა. ვახტანგმა და ლევანმა დახმარება სელიმ-ფაშას სთხოვეს. სელიმ-ფაშა ემზადებოდა გურიაში შეჭრისთვის, მაგრამ ციციანოვის შიშით ხელი აიღო განზრახვაზე. თავად ციციანოვი კი აპირებდა რუსეთის ტერიტორია გაეფართოებინა ქვემო გურიის შემოერთების გზით. ის ანდრეი იტალინსკის, რუსეთის ელჩს სტამბოლში, სწერდა, რომ ეზრუნა ბათუმის რუსეთის იმპერიისთვის შეერთებაზე. ბათუმის ნავსადგური გურიის სამთავროში შედიოდა, გურიის სამთავრო კი რუსეთმა შეიერთაო. გურიის სამთავროს საზღვრების შესასწავლად გურიაში ჩავიდა პიოტრ ლიტვინოვი, რომელსაც ქაიხოსრო და მამია გურიელებმა მოახსენეს, რომ კინტრიში, ციხისძირი, ჩაქვი და ბათუმი გურიის სამთავროში შედიოდა. ლევან გურიელმა ლიტვინოვს უთხრა გურიამ ბათუმი 80 წლის წინ, კინტრიში კი 30 წლის წინ დაკარგაო.

1804 წელს პიოტრ ლიტვინოვმა ქაიხოსრო სამეგრელოში ლევან ბატონიშვილთან შესარიგებლად მიიწვია. სოლომონ II-მ ქაიხოსრო გურიელი გააფრთხილა, რუსებს არ ენდოო. ქაიხოსრომ სამეგრელოში წასვლა გადაიფიქრა და ლიტვინოვი გურიაში მიიწვია. ორი გურიელისა და ლიტვინოვის შეხვედრა შედგა გურიაში. ლიტვინოვმა ქაიხოსროს და ლევანს სამთავროს ტერიტორიის გაყოფა შესთავაზა. შემუშავებული იქნა გაყოფის პროექტიც. გადაწყდა, რომ მედიატორებად სამეგრელოს თავადები და ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი მოეწვიათ, საბოლოოდ მედიატორებად მიწვეული პირები გურიაში ვერ ჩავიდნენ და სამთავროს გაყოფა არ შედგა. 1805 წლის აპრილში სოლომონ II ჯარით შევიდა საჯავახოში და აიძულა ქაიხოსრო საბატონიშვილო მამული დაებრუნებინა ლევანისთვის.

1805 წლის მარტ-აპრილში გურიაში აპოლოს მუსინ-პუშკინის დავალებით იმყოფებოდა გეოლოგიური ექსპედიცია იმყოფებოდა. ექსპედიციაში შედიოდნენ: ინგლისელი ინჟინერ-მექანიკოსი მაქსვინი, ექვსი ინგლისელი სამთო ოსტატი, ერთი ბერძენი ოსტატი, ერთი პრაქტიკანტი სტუდენტი, ექსპედიციას იცავდა 16 კაზაკი. დაახლოებით იმავდროულად გურიაში იმოგზაურა ოფიცერმა ლაშქარევმა, რომელსაც შავი ზღვის სანაპიროზე ნავმისადგომის შერჩევა ევალებოდა. ლაშქარევი იმყოფებოდა გრიგოლეთში. ციციანოვს აინტერესებდა, გამოდგებოდა თუ არა გრიგოლეთი ნავმისადგომის მოსაწყობად, რომ რუსეთის გემები ზამთარში იქ შესულიყვნენ. ლაშქარევმა გრიგოლეთის სანაპირო ნავმისადგომის მოსაწყობად შეუფერებლად ცნო. 1806 წლიდან გურის სამთავროს პოლიტიკური ცხოვრება რუსეთ-ოსმალეთის ომის პირობებში გრძელდებოდა. ომის დროს გურიის სამთავრო რუსეთის მხარეს იჭერდა და ოსმალეთის იმპერიის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნებას იმედოვნებდა.

1809 წელს მთავრის ტახტზე ავიდა უკვე სრულწლოვანი მამია V გურიელი. მისი მთავრობის დროს (1809-1826) გურიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გაუმჯობესდა მმართველობის სისტემა, გაიხსნა სკოლა ოზურგეთში, დაწესდა ყოველწლიური ბაზრობა ნაგომარში, მოწვეულ იქნენ ევროპელი მუსიკოსები და მსახიობები, მოწესრიგდა სახელმწიფო კანცელარიის სამიანობა, ჩატარდა მნიშვნელოვანი სააღმშენებლო სამუშაოები, განვითარდა ვაჭრობა და შინამრეწველობა. მამია V გურიელი უკმაყოფილო იყო ელაზნაურის შეთანხმებით. ის ცდილობდა, რუსეთის იმპერიას გურიის სამთავრო დამოუკიდებლად მიეღო მფარველობაში. ამისათვის 1809 წელს გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსეთის ჯარების მიერ ფოთის აღებაში. 1809 წელს მან წერილობით მიმართა რუსეთის სარდლობას, სადაც სთხოვდა, რომ გურიის სამთავრო შესულიყო მათ მფარველობაში. გურიელს მისცეს წინადადება, რომ წარედგინა თავისი თხოვნა რუსეთის იმპერატორის სახელზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის იმპერიაში გურიის შესვლის სამართლებრივი პირობები. რუსეთის სარდლობამ ისე მოაწყო საქმე, რომ არათუ გადაიბირა გურიელი რუსეთის მხარეზე, არამედ უნარიანად გამოიყენა ის სოლომონ II-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1810 წელს მამია გურიელი თავისი 1000 კაციანი ჯარით რუსეთისა და ოდიშის სამთავროს ჯარებთან ერთად ებრძოდა სოლომონს. მამია გურიელს აღარ შეხვედრია წინააღმდეგობა რუსეთის მფარველობაში შესასვლელად.

მამია გურიელის მიერ რუსეთისადმი წარგენილი თხოვნა ითვალისწინებდა :1. გურიის შესვლას რუსეთის მფარველობაში; 2. სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც შეეხებოდა ტყვეებით ვაჭრობას, მკვლელობასა და ქურდობას უნდა დაქვემდებარებოდა იმერეთის მმართველის მიერ დანიშნულ სამხედრო სასმართლოს; 3. რუსეთს უნდა დაეცვა გურია გარეშე მტრისაგან, რისთვისაც გურიაში უნდა ჰყოლოდა ჯარი, რომლის შენახვაში გურიელი მიირებდა მონაწილეობას; 4. გურიელს უნდა მიეღო ადგილობრივი მადნეულის გადამუშავებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი.

1810 წლის 19 ივნისს გურიის სამთავრო საქართველოს მთავარმართებელ ალექსანდრ ტორმასოვის გადაწყვეტილებით რუსეთის იმპერიამ მფარველობაში მიიღო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო. ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. რუსეთის მთავრობას გურიაში სამხედრო დასაყრდენი უნდა შეექმნა. ამიტომ 1813 წელს საქართველოს მთავარმმართებელ რტიშჩევის რჩევით მამია V გურიელმა შეკვეთილში ააგო წმინდა ნიკოლოზის სახელობის ციხე, რომლის მშენებლობა 1815 წელს დასრულდა. 1820 წელს რუსეთის ჯარმა დატოვა შეკვეთილისა და ანაკლიის ციხეები და მხოლოდ 1829 წელს დაბრუნდა იქ. რუსეთის ჯარების სურსათით, ბინითა და სათბობით მომარაგება გურიის სამთავროს ევალებოდა. ეს გარემოება გურიის გლეხთა მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა.

1819-1820 წლებში იმერეთისა აჯანყების დროს აჯანყების ხელმძღვანელი ივანე აბაშიძე გურიაში გამოიქცა. მან ქაიხოსრო ბატონიშვილს შეაფარა თავი. ქაიხოსროს მხარეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი, დავით ზაალის ძე ერისთავი. იმერეთის მმართველმა პოლკოვნიკმა პუზირევსკიმ ქაიხოსრო ბატონიშვილს ივანე აბაშიძის გაცემა მოსთხოვა. ქაიხოსრომ უარი განაცხადა. რუსეთის სარდლობამ გურიაში ჯარი შეიყვანა და იმერელ აჯანყებულთა დამხმარე ქაიხოსრო ბატონიშვილის შეპყრობა სცადა 1820 წლის აპრილს გურიაში რაზმით შესული პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. რუსთა რაზმმა უკან დაიხია. იმერეთსა და გურიაში შევიდა რუსთა დამატებითი ძალები (13200 ქვეითი, 7 ზარბაზანი, 150 ცხენოსანი) გენერალ ველიამინოვის სარდლობით. 24 ივლისს რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა შემოქმედის ციხე, მოარბია ახლომახლო სოფლები, შემდეგ აიღო გრიგოლეთი, ნიგოზდიდი, გურიის სამთავროს სიმაგრეები. რუსთა დამსჯელმა რაზმა ქაიხოსროსა და მის მომხრეთა მამულები მოარბია. ქაიხოსრო ბატონიშვილი თავისი მომხრეებით თურქეთში ემიგრაციაში წავიდა. აჯანყების დამარცხებას, ერმოლოვის გეგმით, უნდა მოჰყოლოდა სამთავროს გაუქმება, მაგრამ ერმოლოვმა ეს მაშინვე ვერ მოახერხა.

samTavros gauqmeba

1826 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა მამია V გურიელი. სამთავროს მდივანბეგმა გიორგი ნაკაშიძემ და სახლთუხუცესმა დავით მაჭუტაძემ შეკრიბეს გურიის თავადაზნაურები და მათ დააფიცებინეს გურიელის ქვრივის, სოფიოსა და მცირეწლოვან ვაჟ დავითის ერთგულებაზე. დაფიცებაზე უარი განაცხადა ერისთავმა და მისმა სახლიშვილებმა, რომლებიც ამისთვის რუსეთისგან ნებართვას ელოდნენ. საქართველოს მთავარმართებელმა ალექსი ერმოლოვმა დაფიცების აქტი უკანონოდ სცნო და უსაყვედურა სოფიოს. ერმოლოვმა 1827 წლის 3 იანვარს შექმნა გურიის სამთავროს სამმართველო საბჭო, ხოლო საბჭოს თავმჯდომარედ სოფიო დაინიშნა. საბჭო ოფიციალურად გურიის სამთავროს მემკვიდრის, დავით გურიელის სრულწლოვანებმდე (ის მაშინ 8 წლის იყო) შეიქმნა. საბჭოს ადგილსამყოფელად განისაზღვრა ნაგომარი. ერმოლოვი დაპირდა სოფიოს, რომ მას აარჩევინებდა საბჭოს წევრებს, მაგრამ სინამდვილეში ერმოლოვმა თავად დანიშნა საბჭოში ექვსივე წევრი: ვახტანგ ერისთავი, დავით მაჭუტაძე, სვიმონ გუგუნავა, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ერისთავი, გიორგი თავდგირიძე. საბჭოს ყველა წევრი ჩაითვალა დავით ბატონიშვილის მეურვედ. საბჭოს დებულება 10 პუნქტისგან შედგებოდა

საბჭო იქმნებოდა გურიის მთავრის გარდაცვალების გამო;
საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა თავმჯდომარე (დედოფალი) და 6 წევრი;
საბჭოს წევრებად ინიშნებოდნენ გურიის დედოფლისა და იმერეთის დროებითი მმართველობის მიერ შერჩეული რუსეთის ერთგული თავადები და აზნაურები;
საბჭო იარსებებდა გურიის მთავრის მემკვიდრის სრულწლოვანებამდე;
საბჭო განაგებდა სამოქალაქო სამართლის საქმეებს, სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა იმერეთის დროებითი მმართველობა;
საბჭოს უნდა ეწარმოებინა სხდომათა ოქმები
საბჭო გადაწყვეტილებას საერთო სხდომაზე იღებდა ხმების უმრავლესობით. თუ ხმები გაიყოფოდა, მაშინ უპირატესობა დედოფლის ხმას ენიჭებოდა;
საბჭოში ყველა დოკუმენტი შედიოდა და საბჭოდან გაიცემოდა საბჭოს სახელით
გურიაში ახალი დაწესებულების შექმნის საკითხი საბჭოს იმერეთის მმართველისათვის უნდა შეეთანხმებინა
საბჭო ვალდებული იყო შეესრულებინა რუსეთის ხელისუფლებისათვის მიცემული ყველა პირობა

საბჭოში ორი პოლიტიკური დაჯგუფება იყო. პირველი, სოფიოს მეთაურობით, მხარს უჭერდა მთავრის ხელისუფლების აღდგენას, მეორე კი რუსეთის მხარდამჭერი იყო. სოფიო უკმაყოფილო იყო საბჭოს შექმნით. 1827 წლის თებერვალში მან თავადებისა და სამღვდელოების ნაწილთან ერთად (მიტროპოლიტი ნიკოლოზ ჯუმათელი, დავით ვახტანგის ძე გურიელი, გიორგი ლევანის ძე გურიელი, სვიმონ და გიგო ერისთავები, ნარიმან მაჭუტაძე, ბიჭია შალიკაშვილი, გუგუნავებისა და ნაკაშიძეების სახლები) ოფიციალურად მოითხოვა ამ საბჭოს გაუქმება. ერმოლოვს სამთავროს გაუქმება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ საბჭო არ გააუქმა.

რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის დროს გურია ომის ასპარეზად იქცა. სოფიომ სცადა ეს ვითარება თავისი ხელისუფლების გასაძლიერებლად გამოეყენებინა. მან ჯერ კიდევ 1827 წლიდან დაიწყო ურთიერთობის დაჭერა ქვემო გურიისა და აჭარის ბეგებთან, გურიის ჯარმა დაიკავა გურიასა და სამეგრელოს სამთავროს შორის სადავო პალიასტომის ტბა და დავით გიორგის ძე გურიელმა ურთიერთობა დაამყარა ფოთის ფაშასთან.

რუსეთის ჯარის კავკასიის ფრონტის მარჯვენა ფრთის მმართველმა, გენერალ-მაიორმა კარლ ჰესსემ სოფიოს 1828 წლის აპრილში წინადადება მისცა, მძევლად ჩაებარებინა დავით მაჭუტაძე და შეეწყვიტა ოსმალეთთან ურთიერთობა. მაგრამ სოფიო აპირებდა დავით მაჭუტაძესთან დაქორწინებას და სამთავრო ტახტის აღდგენას. მაჭუტაძემ ფარულად მოიარა ფოთი, ბათუმი, ტრაპიზონი და ბოლოს მოახერხა, რომ სულთანს სოფიოსთვის მფარველობის ფირმანი გამოეგზავნა. გურია-ოსმალეთის საზღვართან ზემო აჭარის ბეგის, აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილის მეთაურობით აჭარასა და ლაზეთში შეკრებილი 10 ათასი მოლაშქრე დაბანაკდა. მათი მიზანი იყო ჩოხატაურში რუსული საგუშაგოს განადგურება. გენერალმა ჰესსემ საპასუხოდ გააძლიერა რუსეთის საგუშაგოები ჭალადიდსა და ნაბადაში, შექმნა რამდნეიმე დამატებითი საგუშაგო ჭალადიდი-ფოთის გზაზე. ჩოხატაურის საგუშაგოს გასამაგრებლად გაგზავნა ზურაბ წერეთელი. 1829 წლის 9 მაისს ჰესსემ კვლავ მორჩილებისკენ მოუწოდა სოფიოს. 1 ივნისს სოფიომ მიიღო ტრაპიზონის ფაშას მიერ გაგზავნილი მოხელე, გურიის ოსმალეთის ქვეშევრდომობაში შესვლის დამადაასტურებელი სიგელი და ოსმალეთის სულთნის საჩუქრები. ივნისში ქვემო გურიაში სოფიოს მხარდასაჭერად ჩავიდნენ ოსმალეთში გაქცეული თავადები დავით ვახტანგის ძე გურიელი, ქაიხოსრო ბატონიშვილი ოჯახით. რუსეთის მოწინააღმდეგეები განსაკუთრებით გაამხნევა ალექსანდრე ბატონიშვილის გამოჩენამ. აჰმედ-ფაშამ ერისთავებს მოსთხოვა, სურების ხეობა დამორჩილებოდა სოფიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აოხრებით დაემუქრა. გურიაში ანტიოსმალური განწყობა იმდენად დიდი იყო, რომ სოფიომ ხალხის მიმხრობა ვერ მოახერხა. რუსეთის მომხრე თავად-აზნაურებმა ოჯახები იმერეთში გახიზნეს, ლაშქარი შეკრიბეს და ჩოხატაურში რუსეთის ჯარს შეუერთდნენ. სოფიოს მოწინააღმდეგეები იყვნენ ნაკაშიძეებიც, მაგრამ რაკი მათი მამულები ოსმალეთს ესზღვრებოდა, აქტიური მოქმედებებისგან თავს იკავებდნენ. დავით მაჭუტაძემ სოფიოსთვის მხოლოდ 500 მოლაშქრე შეაგროვა. ივლისში აჰმედ-ფაშას მეთაურობით 4 ათასი კაცი გურიაში შეიჭრა, მაგრამ 15 ივლისს რუსებმა ფოთი აიღეს, 24 ივლისს ახალქალაქი და ემზადებოდნენ ახალციხეზე შეტევისთვის, წარმატებებს აღწევდნენ ბალკანეთის ფრონტზეც. ამიტომ აჰმედ ფაშა უკან გაბრუნდა ახალციხის გასამაგრებლად. სოფიოს ჯარმა სვიმონ ერისთავის ციხე გადაწვა და ასკანის ციხეში შევიდა. სოფიო მიხვდა, რომ ოსმალეთი ომს აგებდა, ამიტომ მან აგვისტოში მონანიების წერილები მისწერა ივანე პასკევიჩს და ნიკოლაი სიპიაგინს. სოფიო ირწმუნებოდა, რომ გურიის ლაშქრით ქობულეთს, ჩაქვსა და ბათუმს აიღებდა. პასკევიჩმა სოფიოს პირობის შესასრულებლად ორკვირიანი ვადა მისცა და მძევლები მოითხოვა. სოფიომ ამაზე უარი განახადა. 30 სექტემბერს კარლ ჰესსე ორი ბატალიონით გურიაში შევიდა. სოფიომ დატოვა ოზურგეთი და გადავიდა ლიხაურის ციხეში. ჰესემ დაიკავა ოზურგეთისა და ასკანის ციხეები. 1 ოქტომბერს სოფიო ოსმალეთში გაიქცა და თან წაიყვანა ტახტის მემკვიდრე დავითი.

ჰესსე დაედევნა გაქცეულებს და 15 ოქტომბერს შეკვეთილთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალები, მაგრამ ჩოლოქის გადაკვეთა ვერ გაბედა. ნოემბრისთვის რუსეთის ჯარს დაკავებული ჰქონდა გურიის ყველა სტრატეგიული ადგილი. მთავარმართებელ გენერალ პასკევიჩის განკარგულებით გურიაში დაწესდა დროებითი მმართველობა. დროებითი მმართველობის თავმჯდომარე იყო პოდპოლკოვნიკი კულიაბკო. მმართველობის წევრები იყვნენ მდივანბეგები სვიმონ გუგუნავა და ვახტანგ ერისთავი. მმართველობის რეზიდენცია იყო ნაგომარი. მმართველობა განიხილავდა სამოქალაქო საქმეებს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა იმერეთის მმართველობა, რომელსაც ემორჩილებოდა გურიის დროებითი მმართველობა.

1829 წლის იანვარში აბდულ-ბეგ ხიმშიაშვილმა შეადგინა რაზმი ტრაპიზონიდან გამოგზავნილ ოფიცერთა შემადგენლობით, რათა თავს დასხმოდა ახალციხის, ასკანისა და ლიხაურის ციხეებს. ამასთან, ციხისძირსა და ლიმენაში ტრაპიზონელი ფაშების, კესიოღლისა და ტუჩიოღლის 10000 კაციანი ჯარი შეიკრიბა, რათა შეეტიათ შეკვეთილისთვის. თებერვალში გენერალმა ღესსემ შეადგინა 400 კაციანი რაზმი ჩოხატაურის მიდამოების მცხოვრებლებისგან და გაემგზავრა ასკანისკენ, სადაც დატოვა ორი ასეული და ერთი ზარბაზანი. ასკანის დაცვას ხელმძღვანელობდა პორუჩიკი ანდღულაძე. ღესსე გამაგრდა ოზურგეთსა და შეკვეთილში 1315 ქართველი მილიციელითა და 1216 რუსი ჯარისკაცით. მას ჰქონდა 4 საველე და ორი სამთო ზარბაზანი. 5 მარტს ღესსე გადავიდა შეტევაზე და დაამარცხა მტერი ლიმენას და ციხისძირის მიდამოებში. აპრილში ოსმალებმა კიდევ მოამზადეს ერთი შეტევა 10 000 ადამიანით და 12 ზარბაზნით, მაგრამ ღესსემ დაასწრო, დაარტყა მათ ლეღვასა და მუხაესტატეში და დაიკავა კინტრიში. ოსმალებმა სცადეს ეკვეთილის აღება, მაგრამ გურიის რაზმმა ბაგრატიონ-მუხრანსკის მეთაურობით დაიცვა ის. ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას მთელი ტერიტორია ჭოროხამდე, მაგრამ ხელშეკრულებაში და საზავო რუკის შედგენის დროს, საზღვარი გაყვანილ იქნა მდინარეთა სახელწოდების შერევის გამო არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან. ამ საზღვის მიხედვით, ქვემო გური  დარჩა ოსმალეთს. შეცდომა შეამჩნიეს ხელმოწერისა და დამტიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა.

1829 წლის 26 დეკემბერს გაუქმდა გურიის სამთავრო და მას გურიის ოლქი ეწოდა. რუსეთის მთავრობამ გურიის მმართველთა საბჭოს სათავეში ჩაუყენა რუსი ოფიცერი პოდპოლკოვნიკი კულიაშკო, წევრებად კი რუსეთის ერთგული ადგილობრივი თავადები გიორგი ერისთავი, გიორგი ნაკაშიძე, სვიმონ გუგუნავა და ვახტანგ ერისთავი დანიშნა. საბჭო ადგილობრივი კანონებით განიხილავდა სამოქალაქო საქმეებს, სისხლის სამართლის საქმეები კი ქუთაისში იგზავნებოდა. 1840 წლამდე შენარჩუნებულ იქნა მმართველობის ძველი სისტემა მოურავებითა და ნაცვლებით. 1832 წელს გურიაში დაბრუნდა მამია V გურიელისა და სოფიოს ვაჟი, მაგრამ ის პეტერბურგში გაგზავნეს სამხედრო სასწავლებელში. 1840 წელს გურიის დროებითი მმართველობა გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა.

samTavros sazRvrebi

გურიის სამთავროს საზღვრები დროთა ვითარებაში ცვლილებებს განიცდიდა. თავდაპირველად სამთავროს ტერიტორია ვრცელ მიწაწყალს მოიცავდა.

„ხოლო გურიელსა ეპყრა რიონს გაღმართი, საჯავახო, იმას-აქათი გამოსწურივ ღომისციხეს გარდმოღმართი, ერგე აჭარა, და ჭანეთი რკინის პალოს აქათი“ (ბერი ეგნატაშვილი)

„არამედ მზღვრის ამ გურიას: აღმოსავლით მთა ფარსათი, სამცხე-გურიას შორისი და საჯავახოს შორისი; სამჴრით - ჭოროხის მდინარე და მთა მცირე ფარსათიდამ ჩამოსული დასავლით, აჭარა-გურიას შორისი, ჩრდილოთ - რიონი, გურია-ოდიშს შორისი, და დასავლით - შავი ზღვა“ (ვახუშტი ბატონიშვილი)

სამთავროს დასავლეთით შავი ზღვა საზღვრავდა, ხოლო ჩრდილოეთით მდინარე რიონი გამოჰყოფდა ოდიშის სამთავროსგან. რიონის შესართავთან მდებარე ციხესა და ნავსადგურ ფოთს XVI საუკუნიდან ოსმალეთის იმპერია ფლობდა. იულიუს ფონ კლაპროთის ცნობით მანამდე ის ხან გურიის, ხან ოდიშის სამთავროს ეკუთვნოდა. აღმოსავლეთით გურიის სამთავროს ესაზღვრებოდა იმერეთის სამეფო, რომელთანაც მუდმივი დავის საგანს წარმოადგენდა საჯავახოს მხარე, რომელსაც ხან გურიელი ფლობდა, ხან — იმერეთის მეფე. სამთავროს სამხრეთი საზღვარი აღწევდა რკინის პალომდე. ამ საზღვარს შიგნით იყო მოქცეული აჭარა და ჭანეთი. სამხრეთ საზღვარმა ყველაზე მეტი შევიწროება განიცადა. XVI საუკუნის შუა წლებში აჭარა და ჭანეთი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო. 1614 წლის გურია-ოსმალეთის შეთანხმებით საზღვარი მდინარე ჭოროხზე დადგინდა. XVIII საუკუნეში ოსმალეთის იმპერიამ მიიტაცა ჯერ სამთავროს ყველაზე მნიშვნელოვანი ნავსადგური ბათუმი და ჩაქვი 1703 წელს, ხოლო 1770-იან წლებში ხინო და ქობულეთი. საზღვარი გავიდა მდინარე ცხრაფონაზე. გურიის სამთავროს გაუქმების დროისთვის ადრიანოპოლის ხელშეკრულებით ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის საზღვრად მდინარე ჩოლოქი იყო დადგენილი.

mmarTveloba

გურიის სამთავროს პოლიტიკური მოწყობა ძირითადად გვიანფეოდალური ხანის საქართველოს ბარის სხვა მხარეთა მსგავსი იყო. გურიელის სამთავრო კარი იმერეთის სამეფოს კარის მიბაძვით იყო მოწყობილი. სამთავროს უმაღლესი მმართველი პირი იყო მთავარი, რომელსაც შეუზღუდავი უფლებები ჰქონდა. დადასტურებულია ქაიხოსრო ბატონიშვილის მიერ სიკვდილით დასჯის - კოცონზე დაწვის - ფაქტი. მთავრის უმაღლესი მოხელეები იყვნენ სახლთუხუცესი, ბოქაულთუხუცესი და მდივანბეგი, ასევე არსებობდა მესტუმრეთუხუცესის, მეღვინეთუხუცესის და ქალაქთუხუცესის თანამდებობები. ყველა თანამდებობა თავად-აზნაურობას ეჭირა. მოხელეები გასამრჯელოს ნატურის სახით იღებდნენ. მოქმედებდა ვახტანგ VI-ის სამართალი.

სახლთუხუცესი ასრულებდა საფინანსო, სამეურნეო და ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ეს იყო მთავრის შემდეგ ყველაზე მაღალი თანამდებობა. როსტომ გურიელის დროს სახლთუხუცესი იყო კვერღელიძეების გვარის წარმომადგენელი, გიორგი III გურიელის დროს კი ოთარ ბერიძე. სამთავროს არსებობის ბოლო წლებში სახლთუხუცესი იყო დავით მაჭუტაძე.

ბოქაულთუხუცესი საპოლიციო აპარატის ხელმძღვანელი იყო. ის აღასრულებდა მთავრის გადაწყვეტილებებს. 1664-1712 წლებში ბოქაულთუხუცესი იყო მირზაბეგ თავდგირიძე. ამის შემდეგ გურიელის კარზე ეს თანამდებობა თავდგირიძეებს მემკვიდრეობით ეკავათ, გარდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევისა. მირზაბეგის შემდეგ ბოქაულთუხუცესები იყვნენ გიორგი და როსტომ თავდგირიძეები. 1770 წელს ბოქაულთუხუცესი მამუკა თავდგირიძე იყო. 1789-1792 წლებში ბოქაულთუხუცესი გიორგი მაქსიმენიშვილი იყო, 1807-1819 წლებში ვახტანგ როსტომის ძე ერისთავი, 1820 წელს კვლავ გიორგი მაქსიმენიშვილი, 1821-23 წლებში კი კვლავ ვახტანგ ერისთავი. 1820-იანი წლების შუიდან ეს თანამდებობა კვავ თავდგირიძეებმა დაიბრუნეს. 1827-1828 წლებში ბოქაულთუხუცესი იყო გიორგი თავდგირიძე.

მდივანბეგი იყო უმაღლესი მოსამართლე. ეს თანამდებობა გურიის სამთავროში მხოლოდ XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩნდება. მდივანბეგთა სასამართლოში სამი მდივაბეგი ინიშნებოდა, ნაკაშიძეების, ერისთავებისა და გუგუნავების გვარიდან. მდივანბეგები სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებდნენ. ისინი საქმეს განიხილავდნენ როგორც ერთპიროვნულად, ასევე კოლეგიურად. მდივანბეგების გადაწყვეტილება გურიის მთავართან საჩივრდებოდა. მთავრის გადაწყვეტილება საბოლოო იყო. XIX საუკუნის დასაწყისშმი მდივანბეგები იყვნენ გიორგი ნაკაშიძე და გიორგი თავდგირიძე.

ქალაქთუხუცესის ფუნქცია სამთავროში ბაზრობათა და ვაჭარ-ხელოსანთა გამგებლობა იყო. ქალაქთუხუცესის სარგო ამ ბაზრობებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილიდან გაიცემოდა. ქალაქთუხუცესი არ იყო მოქალაქეთა წარმომადგენელი, ის არ აირჩეოდა, ამ თანამდებობაზე ყოველთვის დიდი ფეოდალი ინიშნებოდა. როსტომ გურიელის დროს ქალაქთუხუცესები იყვნენ გიორგი და გოჯასპ მახაძეები. XVII საუკუნის მიწურულს ეს თანამდებობა ეკავა მამუკა ნაკაშიძეს, XIX საუკუნის დასაწყისში კი როსტომ ნაკაშიძეს ეჭირა.

მეღვინეთუხუცესი იყო მეღვინეთა უფროსი, საღვინის (ღვინის შემოსავლისა და ჭურჭელ-სამსახურებლის შესანახი განსაკუთრებული დაწესებულების) უზენაესი გამგე და ღვინის გადასახადის უმაღლესი მეთვალყურე. ეს თანამდებობა სამთავროში თავდაპირველად ართმელაძეებს ეკავათ. ართმელაძეების თავადური გვარის დამცრობის შემდეგ, XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან, ის ნაკაშიძეებმა დაიკავეს. პირველი ნაკაშიძე, ვინც ეს თანამდებობა დაიკავა, იყო მამუკა ნაკაშიძე. ამის შემდეგ ამ თანამდებობას მუდმივად ნაკაშიძეები ფლობდნენ. 1770 წელს ეს სახელო გიორგი ნაკაშიძეს, ხოლო 1827 წელს ივანე ნაკაშიძეს ეჭრია.

მესტუმრეთუხუცესი იყო მესტუმრეთა უფროსი მოხელე. ეს თანამდებობა ეჭირათ ჯერ ბერიძეებს. 1664-1667 წლის გიორგი III გურიელის წყალობის წიგნში დასახელებულია მესტუმრეთუხუცესი გიორგი ბერიძე. ბერიძეების შემდეგ მესტუმრეთუხუცესები ხდებოდნენ ნაკაშიძეები. XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში მესტუმრეთუხუცესი იყო ბეჟან ნაკაშიძე, მასზე ადრე კი მისი მამა. ბეჟან ნაკაშიძის შემდეგ ეს თანამდებობა გურიის სამთავროში აღარ იხსენიება, სავარაუდოდ, ის გაუქმდა და მისი ფუნქციები სხვა მოხელეს გადაეცა.

გარდა ამ თანამდებობებისა, როსტომ გურიელის დროინდელ სიგელში ასევე იხსენიება ამილახორი ბახთასარ ბოხვაძე. XIX საუკუნიდან იხსენიება სარდლის თანამდებობა, რომელიც სავარაუდოდ, უფრო ადრინდელი ხანიდან არსებობდა. სამთავრო ორ სასარდლოდ იყო გაყოფილი და სარდლებად თავდგირიძისა და ერისთავის გვარების წარმომადგენლები ინიშნებოდნენ. 1817 წელს სარდალი გიორგი თავდგირიძე იყო.

ნაოსნობასა და საზღვაო ვაჭრობაზე საბაჟო გადასახადის აკრეფის უფლებას იძლეოდა. 1788-92 წლებში სიმონ III გურიელმა კაცო, ბეჟან და ლომკაც ნაკაშიძეებს უბოძა ერმენის მებაჟეობა. ეს მოიცავდა გურიის მთელი სანაპირო ზოლს, ლელისწყალიდან და ჩოლოქიდან გრიგოლეთიანად, გარდა სახარიისა. აკრეფილი ბაჟის ნახევარი ნაკაშიძეებს რჩებოდათ, ხოლო ნახევარი გურიელების იყო. ერმენის მებაჟეობის შემოღებამდე არსებობდა გრიგოლეთი საბაჟო, რომელსაც თავართქილაძეები განაგებდნენ.

წვრილი მოხელეები იყვნენ მოურავები. გურიის სამთავროს სამოურავოები იყო შემოქმედის, ოზურგეთის, ჩოჩხათის, გურიანთის, ჩიბათ-ჯურუყვეთის, აკეთ-ნაგომრის და სხვა. სამთავროს ბოლო წლებში არსებობდა ორ სამოურავო: ოზურგეთისა და ნაგომრის. ნაგომრის სამოურავოში შედიოდა 64 სოფელი, (3073 კომლი, 18282 სული), ხოლო ოზურგეთის სამოურავოში 62 სოფელი, ქალაქი ოზურგეთი და დაბა შეკვეთილი (3073 კომლი, 18438 სული).

გურიის სამთავროს პოლიტიკური ცენტრი თავდაპირველად იყო ალამბარი. XVI საუკუნის შუა წლებიდან კი სამთავროს ცენტრმა და გურიელების რეზიდენციამ გადაინაცვლა ოზურგეთში. ოზურგეთი იყო სამთავროს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სავაჭრო-ფინანსური ცენტრი. გურიის მთავრებს ასევე გააჩნდათ საზაფხულო რეზიდენცია უჩხუბში, საიდანაც ქაიხოსრო ბატონიშვილმა ის შემოქმედში გადაიტანა. სამთავროში რუსული სამხედრო მმართველობის შემოღების დროს, 1827-1829 წლებში, მის სრულ გაუქმებამდე, მისი ცენტრი გადატანილი იყო ნაგომარში.

guriis mTavrebi

გურიის მთავრების ქრონოლოგიური სია:

სახელი მთავრობის წლები იმერეთის მეფობის წლები სახელი მთავრობის წლები იმერეთის მეფობის წლები
კახაბერ II გურიელი 1462-1483   გიორგი IV გურიელი 1711-1712  
გიორგი I გურიელი 1483-1512   ლევან გურიელი 1712-1714  
მამია I გურიელი 1512-1534   გიორგი IV გურიელი (მეორედ) 1714-1716 1716-1717
როსტომ გურიელი 1534-1566   ქაიხოსრო III გურიელი 1716-1717  
გიორგი II გურიელი 1566-1582   გიორგი IV გურიელი (მესამედ) 1717-1726  
ვახტანგ I გურიელი 1582-1587   მამია IV გურიელი 1726-1756  
გიორგი II გურიელი (მეორედ) 1587-1600   გიორგი V გურიელი 1756-1758  
მამია II გურიელი 1600-1625   მამია IV გურიელი (მეორედ) 1758-1765  
სიმონ II გურიელი 1625-1626   გიორგი V გურიელი (მეორედ) 1765-1771  
მალაქია I გურიელი 1626-1639   მამია IV გურიელი (მესამედ) 1771-1776  
ვახტანგ II გურიელი 1639-1641   გიორგი V გურიელი (მესამედ) 1776-1788  
ქაიხოსრო I გურიელი 1641-1660   სიმონ III გურიელი 1788-1792  
დემეტრე გურიელი 1660-1664 1660-1664 ვახტანგ III გურიელი 1792-1797  
გიორგი III გურიელი 1664-1684 1681-1683 ქაიხოსრო ბატონიშვილი 1797-1809  
მალაქია II გურიელი 1684-1685   მამია V გურიელი 1809-1826  
ქაიხოსრო II გურიელი 1685-1689   სოფიო 1826-1828  
მამია III გურიელი 1689-1711 1701-1702      

saTavadoebi

გურიის სამთავრო იყოფოდა სათავადოებად. სამთავროს ჩრდილოეთი ნაწილი, გურიის ქედის გადაღმა წარმოადგენდა მაჭუტაძეების სათავადოს. სამთავროს დასავლეთ ნაწილში ოზურგეთიდან შავ ზღვამდე იყო ნაკაშიძეთა სათავადო. ნაკაშიძეთა სათავადოს ჩრდილოეთიდან საზღვრავდა გურიის ქედი, სამხრეთიდან კი მდინარე ჩოლოქი. ნაკაშიძეების სათავადოს ცენტრი იყო სოფლები ციხე და ვაშნარი. მდინარე ჩოლოქს სამხრეთით მდებარეობდა თავდგირიძეთა სათავადო. აღნიშნული სათავადო თავდგირიძეებს მიეცათ XVII საუკუნის შუა წლებიდან, მანამდე კი მას მაჭუტაძეები და მელიმონაძეები ფლობდნენ. თავდგირიძეთა სათავადო სამხრეთით გონიოს ჩათვლით გრძელდებოდა და სრულიად მოიცავდა ხინოწმინდის საეპისკოპოსოს, ხოლო სათავადოს ცენტრი იყო ალამბარი. თავდგირიძეებმა აღნიშნული სათავადო ეტაპობრივად დაკარგეს 1718-1769 წლებში. ძველი სათავადოს დაკარგვის შემდეგ გურიელებმა თავდგირიძეებს ახალი სათავადო გამოუყვეს. თავდგირიძეების ახალი სათავადო 1713 წლამდე ართმელაძეთა სათავადოს წარმოადგენდა, თუმცა XVIII საუკუნიდან ართმელაძეების გვარი დაკნინდა. თავდგირიძეების ახალი სათავადო მოიცავდა ოთხ სოფელს აკეთი, ჭანჭათი, ვანი და ზომლეთი. სათავადოს ცენტრი იყო აკეთი. ჩრდილოეთით მას ესაზღვრებოდა საჯუმათლო სოფელი შუხუთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე სუფსა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით გუგუნავების სათავადო. გუგუნავების სათავადო მდებარეობდა მდინარეების, სუფსისა და ბახვისწყლის შესართავთან, სუფსის ორივე მხარეს, მოიცავდა ძიმითსა და ნაგომარს. ეს სათავადო ეკუთვნოდა ბერიძეების გვარს, თუმცა მათი დაკნინების შემდეგ გუგუნავების ხელში გადავიდა. გუგუნავების სათავადოს სამხრეთით მდებარეობდა მაქსიმენიშვილების სათავადო, რომელიც მოიცავდა ასკანასა და ბახვს. სამთავროს აღმოსავლეთ ნაწილში იყო გურიის ერისთავების სათავადო, რომლის ცენტრი იყო გორა.

გურიის სამთავროში ასევე არსებობდა შალიკაშვილების, ბერეჟიანების, კობალაძეების, კვერღელიძეების სათავადოები, თუმცა ეს გვარები ბერიძეებისა და ართმელაძეების მსგავსად დროთა განმავლობაში დაკნინდნენ.

ekonomika

მიწათმოქმედებას პრიმიტიული ხასიათი ჰქონდა. მიწა რამდენიმე წელიწადში იფიტებოდა. გლეხობისთვის პრობლემას წარმოადგენდა მიწის ფართობებისა და მუშა საქონლის ნაკლებობა. არსებული მეურნეობა მხოლოდ ადგილობრივი მოთხოვნის მინიმუმის დაკმაყოფილებას ახერხებდა. გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო ღომი და სიმინდი. ღომის გავრცელებული ჯიშები იყო თეთრი, ბარამელა, საადრო, დიდი, მთა-ველი, ძირდაბალა. XVII საუკუნიდან დაიწყო სიმინდის მიერ ღომის განდევნის პროცესი, რომელიც საბოლოოდ XIX საუკუნის ბოლოს დასრულდა. მოსახლეობა მისდევდა მევენახეობას პრიმიტიული, მაღლარი ვენახის სახით. გავრცელებული ჯიშები იყო ჩხავერი, მტევანდიდი, ჯანი და სხვა. სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით მამია V გურიელმა დაიქირავა იაკობ მარი. მარმა სცადა ინდიგოს, ბამბის, ასევე ჩაის გაშენება, თუმცა წარმატება მოჰყვა მხოლოდ მის მიერ გაშენებულ ადგილობრივი ჯიშის ვაზებს. მარის ღვინით ვაჭრობის ყოველთვიური ბრუნვა 2-2,5 ათას ფრანკს უდრიდა. სოფლის მეურნეობის დამხმარე დარგები იყო მეაბრეშუმეობა და მეფუტკრეობა. 1826 წლისთვის გურიის სამთავროში ცვილისა და თაფლის დიდი რაოდენობა იყო. სუსტად იყო წარმოდგენილი მეცხოველეობა.

მეურნეობის პრიმიტიული იარაღებით და ტექნიკით გლეხები ვერ ებრძოდნენ ნესტიანობასა და ჭაობებს. ხშირი იყო ციებ-ცხელება, რაც ხშირ სიკვდილიანობას იწვევდა.

vaWroba

1808 წელს ქაიხოსრო გურიელმა დააწესა ექსპორტის შეზღუდვა და ნიხრები გასაყიდ საქონელზე. დვაბზუში, ნაგომარში, ლანჩხუთში, ვანისქედსა და ჯუმათში იმართებოდა პერიოდული ბაზრობები. ასევე გურიიდან ხშირად მიდიოდნენ იმერეთისა და სამეგრელოს ბაზრობებზე. ვაჭრობის განვითარებას ცდილობდა მამია V გურიელი, მან დააარსა ნაგომრის ბაზრობა, ხოლო ბაზრობაზე ხალხის მისაზიდად სამთავროში მოლდოვეთიდან ვლახეთიდან მასხარები და ჯამბაზები ჩაიყვანა. მიმოქცევაში გავრცელებული იყო ოსმალური ფული. იმპორტული საქონელი სამთავროში ოსმალეთის იმპერიიდან შედიოდა. სამთავროს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ახალციხესთან სადაც, ძირითადად, ღვინო გაჰქონდათ.

sagzao mimosvla

ახალციხესთან მიმოსვლა საკმაოდ რთული იყო რელიეფის გამო და გამოიყენებოდა სურამის უღელტეხილი. გურიის სამთავროს თავადაზნაურობა აპირებდა გუბაზეულის ხეობის გავლით ახალციხემდე გზის გაყვანას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. იმერეთსა და სამეგრელოს გურიის სამთავრო უკავშირდებოდა ბევრი სხვადასხვა გზით, თუმცა ეს გზები წვიმის დროს გაუვალი იყო. შედარებით მოსახერხებელი იყო ნაგომარი-ჩოხატაური-საჯავახო-მარნის გზა. შეკვეთილი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მიმავალი გზით უკავშირდებოდა ფოთს. რამდენიმე ბილიკი მიდიოდა ოზურგეთიდან ქობულეთისკენ. წარმოებდა ნაოსნობა სუფსასა და ნატანებზე. გურიის სამთავრო სათანადოდ ვერ იყენებდა ზღვას, როგორც სავაჭრო არტერიას.

xarki

XVII-XVIII საუკუნეებში გურიის სამთავრო იხდიდა ოსმალეთის იმპერიისთვის განკუთვნილ ხარკს. ხარკის გადახდა ტვირთად აწვა გლეხობას, რომელიც კომლზე აბაზის შესაბამის ტილოს იხდიდა. ამ გადასახადს „სალიანი“ ეწოდებოდა. ხარკი გურიის სამთავრომ 1614 წელს გურია-ოსმალეთის შეთანხმებით იკისრა. ოსმალეთისთვის ხარკის გადახდა გურამ 1770 წელს შეწყვიტა და მას შემდეგ აღარ გადაუხდია.

socialuri qyoba

გურიელებს, სხვა ფეოდალებთან შედარებით, ყველაზე მეტი ყმა-გლეხი ჰყავდათ. მთავრის საარსებო წყაროს შეადგენდა ბეგარა-გადასახადები და ბაჟები. გურიელი იყო არა მხოლოდ ყმა-გლეხების, არამდეს სამთავროს სხვა თავადების ბატონიც. გურიის სამთავროს თავადები იყვნენ გუგუნავები, მაჭუტაძეები,ბერიძეები, ერისთავები, თავდგირიძეები, ნაკაშიძეები, შალიკაშვილები, მაქსიმენიშვილები. ძლიერი თავადები, რომლებიც საკუთარ ციხეებს ფლობდნენ, ცდილობდნენ გურიელისგან გათავისუფლებას, განსაკუთრებით კი რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის შემდეგ ცდილობდნენ, აღარ დამორჩილებოდნენ გურიელს. ასეთები იყვნენ ნაკაშიძეები, ერისთავები. ურჩი ფეოდალების მიმხრობის მიზნით გურიელი მათ ხშირად ათავისუფლებდა გადასახადისგან. გადასახადისგან ასევე ხშირად თავისუფლდებოდნენ გურიელის ყმები, ღარიბი და მცირემიწიანი აზნაურები. აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრებთან შედარებით გურიელი ეკონომიკურად სუსტი იყო. მისი ყმების რაოდენობა 5-6 ათას სულამდე აღწევდა. სამღვდელობა ცალკე ფენას არ წარმოადგენდა. სასულიერ თანამდებობაზე მყოფი ინარჩუნებდა საკუთარ წოდებას. ყველაზე დაბალი სოციალური ფენა იყო გლეხობა. გურიის სამთავროში 7 გლეხზე ერთი ბატონი მოდიოდა. კუთვნილების მიხედვით არსებობდნენ სამთავრო, სათავადო, სააზნაურო, საეკლესიო და გლეხთა გლეხები. შედარებით უფრო მსუბუქი იყო საეკლესიო გლეხების მდგომარეობა. მებატონეს არ შეეძლო ყმის მოკვლა, წამება, გადასახლება, ოჯახისგან მოწყვეტა. სხვა მხრივ გლეხი მებატონის საკუთრებას წარმოადგენდა, მას შეეძლო გლეხის გაყიდვა ოჯახით, გამზითვება, დაგირავება, გაჩუქება, შეეძლოთ 30 წლის განმავლობაში გაქცეული ყმა ეძებნათ. მებატონეები ასევე ახერხებდნენ ოჯახისგან მოწყვეტით გლეხების გაყიდვასაც. გლეხობა გარდა საბატონო ბეგარისა, იხდიდა საქვეყნო-სამთავრო და ოსმალეთის იმპერიისთვის განკუთვნილ გადასახადსაც („სალიანი“). ოსმალეთისთვის განკუთვნილი ხარკის სახით ერთი კომლი აბაზის შესაბამის ტილოს იხდიდა. სამთავროს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ რუსეთის ჯარების შენახვა გლეხებს დააწვა ტვირთად, რადგან იძულებულნი იყვნენ პროდუქტი საბაზროზე სამჯერ იაფად ჩაებარებინათ ჯარების გამოსაკვებად. გურიის სამთავროს ტერიტორიაზე სხვა კუთხეებთან შედარებით მეტად იყო გავრცელებული ტყვის სყიდვა, რადგან გურია უშუალოდ ესაზღვრებოდა ოსმალეთს. გურიის სამთავროსთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშანი, რითაც ის განსხვავდებოდა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებისგან იყო ის, რომ აქ მებატონეთა ძალადობას ნაკლები გასაქანი ჰქონდა და გლეხობამ შეძლო შედარებით უპირატესი უფლებების შენარჩუნება.

religia

XV-XVI საუკუნეების მიჯნიდან გურიის სამთავროს ეკლესია, რომელიც XI საუკუნიდან ქუთათელის სამწყსოში შედიოდა, გურიელთაგან დასმულ მღვდელთმთავრებს დაექვემდებარა. გურიის სამთავროში სამი ეპარქია შედიოდა: შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოწმინდისა. საშემოქმედლო მოიცავდა ტერიტორიას მდ. სუფსასა და კინტრიშს შორის, საჯუმათლო - სუფსასა და რიონს შორის, ხოლო სახინოწმინდლო - კინტრიშსა და ჭოროხს შორის. იყო რამდენიმე მონასტერი (შემოქმედის, ჯუმათის, თეთროსნისა და სხვა), საწინამძღვრო და ორასზე მეტი ეკლესია, რომლებიც დიდი რაოდენობით ყმა-მამულს ფლობდნენ და სწავლა განათლებისა და კულტურის ცენტრებს წარმოადგენდნენ. სამთავრო აღიარებდა დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების უზენაესობას და ეპარქეიებში აკრეფილი გადასახადების წილს უხდიდნენ მას. დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის პოსტი რამდენჯერმე გურიის სამთავროს დიდებულებმა დაიკავეს, მაგალითად მალაქია II გურიელმა და მაქსიმე I მაჭუტაძემ. სამთავროს სამხრეთ ნაწილების ოსმალეთის იმპერიის მიერ მიტაცების შემდეგ დაიწყო ამ ნაწილში მცხოვრების ხალხის გამაჰმადიანება.

demografia

გურიის მოსახლეობის შესახებ ცნობები აქვთ იოჰან გიულდენშტედტს, გერმანელი მეცნიერი და მოგზაური (1745-1781), ჟაკ ფრანსუა გამბას, ფრანგი კონსული თბილისში, მოგზაური და მწერალი (1763-1833) და სხვებს. 1772 წელს გიულენშტედტის ცნობით გურიაში 5000 ოჯახი ცხოვრობდა. 1806 წელს გურიის მოსახლეობა იყო დაახლოებით 25 ათასი ადამიანი. იულიუს ფონ კლაპროთის ცნობით გურიაშიი 6000 კომლი ცხოვრობდა (1807-1809). 1831 წლის 1 სექტემბრისთვის გურიის მოსახლეობა იყო 6130 კომლი (36720 სული). 1837 წლის მონაცემებით კი - 31 ათასი. მოსახლეობას შეადგენდნენ ძირითადად ქართველები მცირე რაოდენობით იყვნენ ებრაელები, სომხები და კავკასიის სხვა ხალხები. საცხოვრებელი, ტანსაცმელი, ჩვევები, ცხოვრების წესი და საქმიანობა მთლიანად ქართული იყო.

 

დედაქალაქი ალამბარი (XV-XVI სს)
ოზურგეთი (1578-1827)
ნაგომარი (1827-1829)
უდიდესი ქალაქები ოზურგეთი, ბათუმი, შეკვეთილი, ქობულეთი
ენა ქართული
რელიგია მართლმადიდებლობა
ფულის ერთეული ოსმალური ყურუში
მოსახლეობა 25 ათასი (1806)
მმართველობის ფორმ მონარქია
დინასტია გურიელები
1463-1483 კახაბერ II გურიელი
1826-1828 სოფიო
ჩიხორის ბრძოლა 1463
რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლა 1810
სამთავროს გაუქმება 26 დეკემბერი 1829